თავი მეორე

ჩემი გოგოები

ჩემი გოგოები სილაღით ჩიტებს აფრთხობენ, სიჩუმით- მშობლებს. ისინი სუპერ გმირები არიან. ჩემი გოგოები სულ იზრდებიან და არ იზრდებიან.

ლამაზ, უცნობ ბიჭთან მზერის გაცვლა ლოყებს უფაკლავთ და აჯადოებთ. ჩემი გოგოები შორს წამსვლელები არიან , წასასვლელად გამზადება რომ არ ეზარებოდეთ. ისინი ყველა ბოთლს ათავებენ და ვერ თავდებიან.

ჩემი გოგოები თმას იფერადებენ და კანზე ნამცეცა ფიგურებს იხატავენ. ჩემს გოგოებს ტეკილას ბოლო ჭიქაზე ბარის ტუალეტში გული ერევათ. ჩემს გოგოებს ბიჭები კომაში აგდებენ.

ჩემი გოგოები „ნუტელას“ ქილის კედლებს ლოკავენ და სოციალურ ქსელებში მეგობრის მეგობრებს უთვალთვალებენ.

ჩემი გოგოები ღმერთის ნაცვლად მუხლს ერთმანეთის წინაშე იყრიან. მათ პატიება არ იციან.

ჩემი გოგოები ცნობისმოყვარეები არიან; მათი კრიალა თვალები და პრიალა ტუჩები ჰაერში გამკრთალ სილუეტებს ეფუსფუსება.

ჩემს გოგოებში სევდა მძიმეა.

ჩემი გოგოები ბიჭებს კოცნიან და ცაზე თანავარსკვლავედებს უხაზავენ.

ჩემი გოგოები ღამე კითხვით თვალებს ისიებენ. მათ აუდიტორიის ბოლო რიგებში ჯდომა და ცხოველების ფაფუკ ბეწვში სახის ჩაფლობა უყვართ.

ჩემმა გოგოებმა ბიჭებს გულები ისე გადაუმალეს, რომ თვითონაც ვეღარ პოულობენ.

ჩემი გოგოები გვიან შემოდგომას შავებში ხვდებიან. ნამდვილი ქაჯები არიან.

მათ ტირილი მხოლოდ ერთად უხარიათ. ჩემი გოგოები სიკვდილზე არ ფიქრობენ.

ჩემი გოგოები ერთმანეთს კუბოკრულ კაბებს უცვლიან.

მუსიკის ტალღებს აყოლილი ჩემი გოგოები ტყეში დაეხეტებიან და ღამის დადგომას ყიჟინით ეგებებიან.

ჩემი გოგოები ერთმანეთის მხრებზე იძინებენ.

…..

მე და ჩემი გოგოები პატარა, ბნელ ოთახში ჩუმად ვისხედით. სახეზე მბჟუტავი სანთლის ჩრდილები გვესახებოდა. სიმღერას ერქვა „სად მიდის ღამე“ . მოწყენილობისგან ხმას ვერ ვიღებდით. ამ ბნელ ქალაქში შეიძლება თავი დაკარგო, მაგრამ სხვათა თვალებს ვერ დაეკარგები.  ამ ბნელ ქალაქში გასაკეთებელი არაფერი დარჩა.

ჩემი გოგოები ლურჯი ბოთლიდან ბლანტ სითხეს სვამენ და გაქრობას ელიან.

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s