Palo Alto (2013). ქალები იღებენ კინოს.

palo_alto-poster-new-palo-alto-new-movie-poster

ჯია კოპოლა კოპოლების კლანის კიდევ ერთი ნიჭიერი წარმომადგენელია, “პალო ალტო” (ჯეიმს ფრანკოს ავტობიოგრაფიული მოთხრობების ეკრანიზაცია) კი მისი პირველი საავტორო ფილმი. ზოგადად მიყვარს დებიუტები (ქალები კინოში ხომ სულ მთლად გადასარევია). პირველ ნაწარმოებს ყოველთვის ფრთხილად ვეკიდები, ეს ხომ გულისნადების პირველი გასაჯაროებაა, ავტორის პირველი გაშიშვლება. ჯიას ესთეტიკით რომ მოვინუსხოთ  გონის დაძაბვა ნამდვილად არაა საჭირო.სწორი კადრებით, ფერთა პალიტრით, დრამატულობით, მუსიკალური დატვირთვითა და მელანქოლიური აურით სოფია კოპოლას დებიუტიც კი გამახსენა (“The Virgin Suicides” 1999).  ჯია სოფიას მსგავსად ამერიკელი ახალგაზრდების ეგზისტენციალურ კრიზისს ეხება და ოცნების ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეების ყოველდღიურ ყოფას აღწერს. 

 პალო ალტოში ჩვეულებრივი ახალგაზრდები, ჩვეულებრივ შეცდომებს უშვებენ, palo_alto__movie_poster__2_by_bwleigh2013-d7h46ppჩვეულებრივად იყვარებენ და ტყუვდებიან. ახალგაზრდები ორიენტირის გარეშე, ახალგაზრდები სიგიჟის ზღვარზე, ახალგაზრდები უსიცოცხლო გულებითა და სიტყვებით, ახალგაზრდების ნაგავსაყრელი…

არ გამიკვირდება, მაყურებელმა მოიწყინოს და გაიფიქროს- “არაფერზეა ეს ფილმი”. თვითგამანადგურებელი, აპათიური ბავშვების დიალოგები დიდი ვერაფერი სანახაობა იქნებოდა , რომ არა  გამომსახველობითი საშუალებები, რომელთა დახმარებითად ჯია ზუსტად ახერხებს მარტოობითა და გაუგებრობით დამძიმებული გმირების განწყობის გადმოცემას . ჯია ფილმის სიუჟეტურ ხაზს კულმინაციის მიღწევისთანავე წყვეტს და ფილმი ჰაერში გამოკიდული რჩება, თუმცა ეს სიცარიელის გრძნობას არ ტოვებს, სათქმელი ნათქვამია.   

პალო ალტო მშვენიერი არტ ფილმია, ნისლისფერი და მსუბუქი. მის ნახვას ვურჩევდი ისეთ მაყურებლებს, კმაყოფილების მწვერვალამდე მისაღწევი გზა რომ მწვერვალს ურჩევნიათ (whatever that means). 

3,0

მანიაკი მანიაკს

“აბსურდისტანი” ერთი “მუსიკალური მანიაკის” (როგორც ბასა უწოდებს თავს ) დღიურია;  ესსეების კრებულს ვერ დავარქმევდი ზედმეტი სუბიექტურობისა და პრივატულობის გამო. ბასა გვიყვება საყვარელ როკ ჯგუფებზე, მუსიკალურ და არამუსიკალურ “ქუესთებზე” . მიუხედავად იმისა, რომ წიგნი მელომანზეა, მელომანებისთვის აუცილებელ საკითხავს არ წარმოადგენს. კითხვის პროცესში მხოლოდ სამი რამ შეიძლება იგრძნოთ:

  • გაღიზიანება: თუკი რომელიმე თავში ნახსენები მუსიკალური პროექტი ისევე პრინციპულად გძულთ, როგორი პრინციპულობითაც მწერალი მასზე ლოცვას აღავლენს.
  • კმაყოფილება: თუკი რომელი თავში აღწერილი მოვლენა უჩვეულოდ გეახლობლებათ ან რომელიმე ნახსენებ ჯგუფს თქვენც ისევე მგზნებარედ ეთაყვანებით, როგორც თავად მწერალი.
  • მოწყენილობა: თუკი მწერლის მოთხრობილ ისტორიებს შორის მიმობნეული არეული მონოლოგები მონაკვეთების შესაერთებლად თითიდან გამოწოვილ წებოდ გეჩვენებათ.

ბასა თავს “საბჭოთა მელომანს” უწოდებს და გამწარებული ცდილობს სიტყვათა ეს შეთანხმება ეპოქალურ მოვლენად აქციოს; ცნებად, რომელიც ახსნის ყველაფერს, I mean ყველაფერს- საბჭოთა მელომანი მუსიკის საძებარზე, საბჭოთა მელომანის მუსიკალური მენიუ, საბჭოთა მელომანის ყოფითი ოცნებები… საერთოდაც უყვარს ამ კაცს მოვლენების დაშტამპვა და რა ქნას. საკუთარ “მუსიკალური მანიაკობასაც” ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს (ალბათ იმიტომ, რომ ერთი ორ ჩემნაირს არ იცნობს). იმდენად ცდილობს არც ერთი ბანალური აზრი არ დასცდეს, რომ ბანალური ხდება;  რამდენადაც ცდილობს იყოს გულწრფელი, იმდენად აყალბებს თხრობას. და საერთოდაც ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მწერალმა დღიურიდან ფურცლები ამოხია და წიგნად გამოსცა; მსჯელობა ხშირად ირღვევა იდეურად შეუსაბამო მონაკვეთებით, თავგზას რომ გიბნევს და ტექსტს ცოტა არაადეკვატურს ხდის. ცოტა გამაღიზიანებელია მწერლის კატეგორიულობა, თუმცა “უგემოვნო” (ცნება პირობითია, მაგრამ არა ბასათვის) მუსიკასა და მის მსმენელებზე ბავშვურად გაბუსხული ბასას სახეს რომ წარმოვიდგენ, ცოტა მეცინება კიდეც.

წიგნის მთავარი ღირსება ალბათ მაინც  მწერლის წრფელი ემოციით აღწერილი ავტობიოგრაფიული ჩანახატებია, მეგობრებზე, ევროპულ ვოიაჟებსა და კურიოზებზე. ყველაზე მეტად იმ ეპიზოდზე ვიხალისე, როცა ყვება როგორ “იკისრა” ტომ იორკმა მისი სასმელი. და საერთოდ თავი, რომელიც Radiohead-ს მიუძღვნა ღიმილის მომგვრელია. საუკეთესო სიმღერების არჩევანში ვერ დავეთანხმებოდი, მაგრამ მაინც…

ვფიქრობ წიგნი არც არამელომანებს უნდა ვურჩიოთ, ისინი მუსიკალურ ელეთ-მელეთს ნაკლებად მიაქცევენ ყურადღებას და ნაწარმოებს სოციალურ-პოლიტიკურ ქვაკუთხედში მოაქცევენ. “აბსურდისტანი” მათთვისაა, ვინც მელომანობის გზაზე ფეხს იდგამს და ჩვენნაირი “მანიაკების” რიგებში მოხვედრა სურს, ვისთვისას მუსიკის წიაღში არსებობა ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებად ჯერ არ ქცეულა.

რაც შეეხება ავტორს… შეიძლება ითქვას, რომ ამ ნაწარმოებით ავტორი კარგად იკითხება. ის არ ცდილობს საკუთარი პიროვნების გაბუნდოვნებას, პირიქით ეგოცენტრული სიალალე ურჩევნია. თინეიჯერული აქცენტები საკითხავს სიმსუბუქეს მატებს და ავტორზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის. ვიქნები თამამი და ვიტყვი, რომ მე წავიკითხე “აბსურდისტანი”, მაშასადამე მე გავიცანი ბასა ჯანიკაშვილი.

… ჩავიკითხე ბოლო გვერდიც. აიპოდი ავიღე Radiohead-ის ალბომები ჩამოვშალე, ბასას საყვარელ The Bends-ზე შევჩერდი და Fake Plastic Trees ჩავრთე; საშინლად მოუხდა ჩამავალი მზის ფონზე ქუჩაში ხეტიალის სცენას.

 

თბილისური დაივ ბარები

“A dive bar is an informal bar or pub. Such bars are sometimes referred to as neighborhood bars, where local residents gather to drink and socialize. ” -Wikipedia.

კანუდოსი

ბოლო წლებია  სიტყვა “ბარი” მთვრალ ბიძებსა და ძვირადღირებულ სასმელებთან კიარა ახალგაზრული თავშეყრის ადგილებთან ასოცირდება, ეს კი სულ მომრავლებული დაივ ბარების ბრალია. არასოდეს მოხვედრილხართ დაივ ბარში? მაშინ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ:

  • ყველა დაივ ბარს თავისი ბანდა ჰყავს, რომელსაც გაიცნობ და დაუმეგობრდები (ბანდა – ბარის მფლობელ, მასში მომუშავე ან ამ უკანასკნელთა ახლობელ ადამიანთა ჯგუფი)
  • დაივ ბარში შესვლისას კარგად დაიმახსოვრე სხვა ადამიანთა სახეები, მათ ხშირად იხილავ
  • “კანუდოსელების” თქმის არ იყოს ” აქ არავინაა უცნობი, მხოლოდ მეგობრები, რომლებიც ჯერ არ გაგიცნია” და დავაყოლებდი მეგობრის მეგობრები ან მეგობრის მეგობრის მეგობრები , რომლებიც ჯერ არ გაგიცნია…
  • ამოირჩიე დაივ ბარი მეგობრებთან ერთად და შეეხიზნე მას! ის მალე გახდება სამეგობროს და სამეგობროს სამეგობროს თავშეყრის ადგილი
  • შეიძლება დაივ ბარი ორგანიზმმა ვერ მიიღოს და უკუაგდოს. უკან არ დაიხიოთ , აუცილებლად იპოვით თქვენს შესაფერის ბანდას!
  • ნუ შეიქმნით წარმოდგენას, რომ საუკეთესო სასმელს მიირთმევთ, სამაგიეროდ კარგად გაერთობით.
  • დაივ ბარში მოისმენთ ცოცხალ მუსიკას და მოხვდებით ათასნაირ უცნაურ ივენთზე
  • დაივ ბარები სექტებს ჰგავს, სხვა დაივბარელს შენს რწმენაზე ვერ გადმოიყვან !
  • თუკი რწმენა გამოიცვალე, წინა დაივ ბარს ორგანიზმი ძნელად მიიღებს.
  • დაივ ბარების დეკორი და გარემო განსხვავებულია. აირჩიეთ ის , რომელიც მოგწონთ (და რომელშიც ისუნთქებთ  !)
  • მიეძალეთ დაივ ბარებს “იდეინი” სახელწოდებებითა და ივენთებით. ეს ნიშნავს , რომ მას კრეატიული ბანდა ჰყავს.
1375824_310296349108406_603745727_n
არსად

ასარჩევი ბევრია “კანუდოს”, “არსად”,”მაკულატურა:, “ფლეშბეკი”,”აურა”,”დაივ ბარ” , “ლაბორატორიუმი” და კიდევ ვინ იცის რა , თუმცა მე მხოლოდ რამდენიმე სექტის წევრი ვყოფილვარ.

ოდესღაც ჰიპურ, რეგი, ჩილაუთ, აღმოსავლურ კანუდოსს ვსტუმრობდით. მერე კანუდოსი ზედმეტად “მიღმიერში გამსვლელი” ხალხით გადატვირთული გვეჩვენა და “ჰარდკორზე” გადავედით.

-დღეს საღამოს სად მივდივართ?

-“არსად”- მპასუხობდნენ მეგობრები.

ამ მწველ ზაფხულში “არსადის” ჯურღმულები ( ჰაერს  რომ არ ატარებს) ნამდვილად აღარ გვაწყობდა. მალე ახალი, ცოტა ფსიქოდელიური სექტის წევრები გავხდებით.. რიგში დგას “მაკულატურა”.

 

მაკულატურა