თავი პირველი

(საჭირო გახდა მივუთითო, რომ ეს არის ნოველა, მოთხრობა, ფიქცია )

Morning After

ნაბახუსევზე გაღვიძების სამი წესი: 1. მოძებნე თვალები 2.დაიფარე ხელები და ნელა გაახილე 3.რამდენიმე წუთი არ გაინძრე. სამი წესი, რომელიც არასოდეს მახსოვს როცა საჭიროა.ყველაფერი შეზანზარდა, დადამბლავებული სხეული ავწიე, მაგრამ არ ადგა. გუშინ აქ წვეულება იყო. სოფის სახლში წვეულების მოწყობა ყოველთვის კარგი იდეაა. ვსვამთ, ვცეკვავთ, ვკამათობთ, ერთმანეთს ვებღლარძუნებით, ერთმანეთზე ვარწყევთ. როგორც წესი ბევრნი ვართ. სოფისთან ყველას გვიყვარს ერთმანეთი. ისე კი არც არავის ვიცნობ. არც სოფი იცნობს მგონი. ისინი უბრალოდ მოდიან, ეწევიან, იყნოსავენ, ერთმანეთს კერავენ, სვრიან, ასველებენ და მიდიან. თუ ქუჩაში შემთხვევით მეცნობა ვინმეს მაისური, ვარცხნილობა, პირსინგი, კეტები, ხმა, ჩემში error mode აქტიურდება და ვითესები.

ტახტზე სამს გვეძინა. ფეხები ვიღაც არაადამიანურად გამხდარ ტიპს ავაცალე მხრიდან და უფეხსაცმლოდ გავბარბაცდი ფანჯრისკენ. მზე აგურისფრად ბრდღვიალებს ჰორიზონტზე, არომატული ჰაერი უბერავს… ჩემს თმას სიგარეტისა და სასმელის გულისამრევი სუნი ასდის. სხეული დამუნჯებულია, თვალები მიფეთქავს.

ყველაზე უსიამოვნო პროცესი ჩემი ნივთების ძებნაა. როცა დიარეისფერ კეტს ვიღაცას ვაცლი იღლიიდან, ეღვიძება და აქედან უჩუმრად დახვევა შეუძლებელი ხდება. არადა როგორ მძულს ეს დილით გაღვიძებული shame whore სახეები და shame walk-ები და shame სიჩუმეები, უკალაპოტო გართობის მახინჯი ანარეკლი უცნობი სუბსტანციით გაზეთილ სარკეში! სჯობს მეხსიერებაში მუსიკაზე ტლანქად მოქანავე სხეულები და სიცილისგან აწითლებული სიფათები შევინახო.

სოფის მოძებნა მეზარება, ამიტომ გამოუმშვიდობებლად წავალ. სოფი იმ წუთიდან მიყვარს, როცა პირველად დავინახე მეგობრების მეგობრის მეგობრებთან ერთად. ისეთია, აი, ერთხელ რომ ჩახედავ თვალებში და არასოდეს მოგინდება დაშორება. მგონი შიგნიდან ძალიან დიდია, სამყაროს იტევს. მასზე ბევრი არაფერი ვიცი და არც მითხრათ. უბრალოდ ვიგრძენი როგორია, ჩემნაირია, თუ ყველაფერია რაც მინდა ვიყო, თუ ყველაფერია რაც მაფრთხობს და რასაც გავურბივარ!

ერთი მაგიური ოთახი აქვს წიგნებით გამოტენილი. ყველაფერს კითხულობს, მაგრამ უფრო იმას , რაც კარგია. ოთახის კედლები სავსეა ფერადი ჩანახატებით და რეპროდუქციებით , არტ ჰაუსული ფილმების, ფსიქოდელიური როკალბომების და გრანჟ კუმირების პოსტერებით. კედლები “სქრეფ ბუქივითაა” ამოვსებული მოგონებების პატარა ნაგლეჯებით. ოთახ-დღიურში ისეთი სისავსეა, რომ მარტოობისა და სიცარიელის საოცარ განცდას იწვევს. სევდიანი ღიმილივითაა. თავისუფლად შეიძლება ეს ოთახი ჩემი ყოფილიყო.

სოფი კარს აღებს და სახლის “დასათრეშად” გვიშვებს, რომ საფიქრალს მოწყდეს. სვამს, ეწევა, იცინის. მასში სიბნელეა. ლამაზი , კრიალა თვალები ჩვენთვის მოუპყრია და თრობის ეპიკურ ისტორიას ყვება, ისტერიულად ქაჩავს სიგარეტს. ისე მაცინებს ცრემლები მცვივა და ნესტოები მისველდება,მისი წყვდიადები კი ისევ იქაა. სოფისთვის მეგობრის მეგობარი ვარ, ზოგ სტუმართან ახლობლობის ბევრად გრძელი სპირალი აკავშირებს, ჩვენ მისი ნაწილი ვართ. ნეტა რას ფიქრობს სოფი ჩემზე? მე ასე მიყვარს! ის “მეა” ბევრ “სხვას” შორის.

არ დავემშვიდობე სოფის… ალბათ ვინმესთან ერთად იყოფს საძინებელს ან სადმე კუნჭულშია მოცუცქნული და გულში თავს (სულ ტყუილად) პირდება, რომ კაი ხანს აღარ დალევს. კარი ნელა გავიხურე. სახლში მივალ და სამი საათი არ გამოვალ აბაზანიდან რომ წუხანდელი ღამე ჩამოვირეცხო. ტაქსის ფული არ მაქვს, გუშინდელ გართობაში დიდი წვლილი შემიტანია. Fuck!