ანჟეი ვაიდას პოლიტიკური დიალოგი

ანჟეი ვაიდა გამორჩეული ოსტატია.  მისი ფილმები ყოველთვის ტოვებს სიყვარულისა და სიძულვილის ურთიერთმომცველ ემოციებს, გაბრაზებს ან გიტაცებს, თუმცა არასოდეს გტოვებს გულგრილს და გრძელი დისკუსიების საბაბი ხდება. ფილმების უმეტესობა პოლონური საზოგადოების პოლიტიკური , ისტორიული მნიშვნელობის საკითხებს ეხმიანება და ერის ბედსა და განვითარების გზებზე გვაფიქრებს. ვაიდა ნათლად აღწერს ქვეყნის სახეს, პოლიტიკურ ძალას, როგორც განყენებულ , გამხეცებულ ორგანიზმს და ისტორიულ პარალელებს ავლებს. ვაიდას ადამიანი ისტორიის ინდივიდუალური ნაწილია და არა ის ობიექტი, რომელსაც თავად ისტორია მართავს. მას უწევს გააკეთოს მორალური არჩევანი, რისთვისაც საკუთარ თავთან უხდება ბრძოლა . მაყურებელი დაძაბული ადევნებს თვალს ფილმს, რათა რეალობა ობიექტურად შეაფასოს და გმირებს განსაზღვრული როლები მოარგოს სწორისა და არასწორის, თუმცა  ეს არც ისე ადვილია, როცა რეჟისორი თავად განზე დგება და მხოლოდ რეალობის აღწერას ითავსებს.

ვაიდას პოლიტიკური ფილმები “მარმარილოს კაცი”, “რკინის კაცი” და “დანტონი” შეიძლება მივიჩნიოთ დიალოგიზმის , როგორც პერმანენტული დიალოგის ნიმუშებად რეალობის ორ ანარეკლს შორის. მაგალითად, ტოტალიტარული პოლონეთი რეჟისორი ბურსკის სახით  რომელიც ებრძვის სიმართლესა და წესიერებას (ფილმი –მარმარილოს კაცი), ან კომუნისტური პოლონეთის სახე შიშითა და ოპორტუნიზმით ნასაზრდოები (ფილმი–რკინის კაცი) ან რობესპიერის შინაგანი ბრძოლა მეგობარსა და ძალაუფლებას შორის არჩევანის გაკეთებისას (ფილმი–დანტონი). დაპირისპირებულ მხარეთა ძლიერი სახეები მაყურებელში ქმნის დილემას, აირჩიონ ჩაგრული თუ გაუგონ მედროვეს, რომელმაც კეთილდღეობა არჩია სიმართლეს.

მარმარილოს კაცი

ფილმში მარმარილოს კაცი ვაიდა ორ პარალელურ ისტორიას მოგვითხრობს. ახალგაზრდა რეჟისორი ქალი სადიპლომო ნაშრომს ქმნის 50იან წლებზე, მეორე მხრივ კი ჩვენ თვალს ვადევნებთ სწორედ ამ წლების პოლონეთს, რომელიც ჩაფლულია კომუნისტურ სიყალბეში და დაუნდობლად თამაშობს უბრალო ადამიანთა ბედისწერით.

ადრეულ 50იან წლებში მაღაროელები, მშენებლები და საწარმო კომბინატების მუშახელი, რომლებიც თავიანთ სამუშაო ნორმას 50%ით გადაცდებოდნენ პოლიტიკური პროპაგანდის ნაწილი ხდებოდნენ. გმირების ამპლუას ირგებდნენ და ევალებოდათ ხალხის მოტივაცია მეტი პროდუქტიულობის მისაღწევად. რის ფასად უჯდებოდათ უბრალო, უმეცარ ადამიანებს სახალხო გმირობის ტიტულის ტარება ამას უკვე ფილმიდან ვიგებთ. აგნიეშკა, ახალგაზრდა რეჟისორი ცდილობს 50იანი წლების ერთ-ერთი გმირის მატეუშ ბირკუტის მიჩუმათებული ისტორია გამოიკვლიოს. მშენებელი ბირკუტი უნებურად ხდება სახალხო გმირი და ტყვე , როცა 1000 აგურის რეკორდულ დროში დაწყობას მოახერხებს. დაღლილობისგან სხეული უკანკალებს, სიცხისგან გული მისდის, თუმცა ეს არავის აღელვებს, მთავარია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დანგრეული ქვეყნის აღორძინებისა და მშენებლობის სტიმულირება. ამ პროცესიას კი დიდი მონდომებით იღებს რეჟისორი ბურსკი, რომელსაც არ აკმაყოფილებას ბირკუტის ემოციები და რაოდენ პათეტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს მოუწოდებს მეტი ექპრესიისკენ. ერთ-ერთი ასეთი პროპაგანდისტული პერფორმანსის დროს ბირკუტს გავარვარებულს აგურს მიაჩეჩებენ და ხელებს დაუსახიჩრებენ. ეს მომენტი ბირკუტის ცხოვრებაში გარდატეხას შემოიტანს და მას მიწაზე ანარცხებს.

დაუძლურებული ბირკუტი ახლა უსარგებლო მუშა ხდება, თუმცა ეს არ აბოროტებს, უფრო პირიქით უკედ წარმოაჩენს უბრალოებას და გულუბრყვილობას. მისდა საუბედუროდ ის ზემო ხსენებულ დანაშაულში ეჭვმიტანილს, საუკეთესო მეგობარს- ვიტეკს სასამართლოზე მხარს დაუჭერს და შედეგად თავად ხვდება ციხეში. ბირკუტი იქცევა სისტემის მსხვერპლად და მუდმივი დევნის ობიექტად.

თავის მხრივ 70იან წლებში მცხოვრები აგნეშკა, ვარშავის მუზეუმში ნანახი მარმარილოს ქანდაკების ნახვის შემდეგ გადაწყვეტს გამოიკვლიოს ამ ადამიანის ვინაობა. კვლევას ის ბირკუტის  თანამედროვეებთან მიჰყავს, რომელთა დალუქული კინო მასალები თუ პირადი მოგონებები ისტორიას ნათელს ჰფენს. აგნეშკა წარმატებულად ასრულებს ფილმს, თუმცა ტელე პროდუსერი ხელს მის ნამუშევარს უგულვებელყოფს, რადგან ეშინია 50იანი წლებიდან ამოტვიტივებულმა პოლიტიკური მექანიზმის მაკომპრომატირებელმა ფაქტებმა საფრთე არ შეუქმნას, რადგან 70იანი წლებშიც სიტუაცია დიდად არ შეცვლილა და შესაბამისად 20 წლის წინანდელი ცოდვების ჩამორეცხვა ქვეყანას ჯერ არ შეეძლო. ფილმს ვაიდა ოპტიმისტურ ნოტაზე არსულებს, როცა აგნეშკას და ბირკუტის შვილთან ერთად გვტოვებს.

ფილმის რთული სტრუქტურა მის იდეოლოგიურ წიაღსვლებს უფრო საინტერესოს ხდის . ერთი მხრივ მარმარილოს კაცი დეტექტიური ისტორიაა მეორე მხრივ კი სტალინიზმის  უსამართლობისა და განუკითხაობის მწარე დაცინვა. ფილმი რეალურ ფაქტებზე არაა დაყრდნობილი რკინის კაცისგან განსხვავებით, თუმცა მას არ უჭირს რეალისტურად ასახოს იმ პერიოდის ტოტალიტარული სისტემისა და სოციალური საკითხების ისტორიული ასპექტები. 50იანი წლების პოლიტიკური და იდეოლოგიური სისტემა საზოგადოებისგან არა მარტო ფსიქოლოგიურ დამორჩილებას ითხოვდა , არამედ სამთავრობო კონტროლს ადამიანების ცხოვრების ნებისმიერ სფეროზე, იქნება ეს სახალხო თუ პირადი.

მარმარილოს კაცი დროდადრო ისტორიული ფილმის ფორმას კარგავს და მსახიობების მიერ ეკრანზე გამოტანილი რეჟისორის იდეების წყებად იქცევა, იდეები რომელთა შორის არ წყდება დიალოგი.

რკინის კაცი

ფილმში რკინის კაცი ვაიდა აგრძელებს მარმარილოს კაცს , თუმცა აქ უკვე მთავარი გმირის პიროვნულ გამარჯვებაზე აკეთებს აქცენტს. მთავარი გმირი ფილმში ტომჩიკი- ბირკუტის ვაჟია, რომელიც გლდანსკის მუშათა გაფიცვის მოთავე ხდება, აგნეშკა კი უკვე მის მეუღლედ და პოლიტიკურ თანამოაზრდეაა წარმოდგენილი. აჯანყებულთა ლიდერზე ინფორმაციის შესაგროვებლად მთავრობის მიერ გლდანსკში იგზავნება ვარშაველი ჟურნალისტი- ვინკიელი, რომელიც ნელ-ნელა ოპოზიციურ მოძრაობას უერთდება. იმის მიუხედავად რომ გაფიცვა გამარჯვებით მთავრდება, ვინკიელს მუშები არ წყალობენ. ვინკიელი შესაძლოა თავად რეჟისორის სახეს წარმოადგენს, რომელიც გლდანსკშ მაშნ ჩავიდა როცა გაფიცვები უკვე მთავრდებოდა, და მართალია აქტიურად მონაწილეობა არ მიუღია თმცა გაგებით მოეკიდა არსებულ სიტუაციას.

ფილმი წარმოაჩენს მის მგრძნობიარე დამოკიდებულებას ამ მოვლენების მიმართ თუმცა არა მის საკუთარ პოზიციასა და ადგილს. მისი ხედვით სოციალიზმის, როგორც სისტემის შეცვლა კიარა მისი პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციაა საჭირო. როგორც სოლიდარობის დამცველი ვაიდა სამთავრობო წნეხში მოექცა და პოლონური კინო გაერთიანების პრეზიდენტის პოსტიც დაკარგა.

ფილმში აგნეშკა შემოქმედებით ცხოვრებაზე უარს ამბობს და აქტივისტის ცოლობას, ჩუმ გმირობას თანხმდება..საკმაოდ უცნაურია , რომ ვაიდა ასეთ ცვლილებას ახდენს ამ გმირშ და სიმართლისთვის მებრძოლი ქალი პასიურ პოზიციაზე გადაჰყავს, მაშინ როცა თავად ის მისი კინო პოლონეთის კრიზისული პერიოდის საუკეთესო აღმწერია. შესაძლოა ამით ცდილობს შეგვახსენოს, რომ საბოლოოდ ხელოვნებამ უკან უნდა დაიხიოს და პოლიტიკური მოძრაობა სწორად მიმართოს.

ვაიდას ხშირად აკრიტიკებდნენ რადგან ცდილობდა ეს ფილმი კანის ფესტივალამდე მიეტანა. მართლაც ფილმს ერგო პალმის რტო, თუმცა რეჟისორის განზრახვა ალბათ ის უფრო იყო, რომ ფილმი ცნობადი გაეხადა, რათა ბევრს გასჩენოდა სურვილი ის პოლიტიკურ, ისტორიულ ჭრილში განეხილა და კონკრეტული დასკვნები გამოეტანა.

დანტონი

ფილმი დანტონი ფრანგული რევოლუციის სათავეებთან გვაბრუნებს. მოქმედება იწყება 1794 წელს, ბასტილიის აღებიდან 4 წლის შემდეგ. რობესპიერის მთავრობა ვერ გამოდგა სრულყოფილი თავისუფლების გარანტია სამხედრო წარმატებების მიუხედავად. რობესპიერი გრძნობს ოპოზიციურ განწყობას და შიში მოიცავს. სწორედ ამ დროს პარიზში ბრუნდება რობესპიერის მეგობარი და ერთ–ერთი რევოლუციონერი დანტონი, ხალხის საყვარელი ორატორი და დამცველი. იაზრებს რა რევოლუციის რეალურ შედეგებს, დანტონი ცდილობს ქაოსსა და განუკითხაობას ებრძოლოს და პარიზელები დააპუროს. რობესპიერი თავდაპირველად მეგობრის გასამართლებასა და მკვლელობას არ მიიჩნევს სწორად და ცდილობს ანტონისა და მისი მეგობრების გადმობირებას, მაგრამ დანტონის ქუჩაზე ბატონობა სახიფათო სახეს იღებს და მას სასამართლოს გადასცემენ.

დანტონის მგზნებარე, ხმის ჩახლეჩვამდე წარმოთქმული მონოლოგები ტრიუმფალურია თუმცა ყველაფრის მიუხედავად ის და მისი მეგობრები გილიოტინაზე იგზავნებიან. ფილმი სრულდება შემზარავი სცენით ლოგინად ჩავარდნილი რობესპიერი სისტემისა და საკუთარ აღსასრულზე გაშტერებული საუბრობს, როცა მის კარზე გაზრდილი პატარა ბიჭუნა მას მოქალაქეებისა და ადამიანების უფლებების დეკლარაციიდან გაზეპირებულ ციტატებს უყვება.

რეჟისორი ფილმში რობესპიერისა და დანტონის პოზიციებს ერთმანეთს უპირისპირებს. ვაიდა ცდილობს არც ერთი პერსონაჟის სახე არ წარმოაჩინოს იდეალურ პოზიციაში, ეს ხომ უკვე აღარ იქნებოდა დიალოგი, რეალობის ორი ანარეკლი. დანტონი, თითქოს სახალხო გმირია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს , რომ მას ახალი სისტემის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის, რევოლუცია კი თავის ნაშიერებს არ ინდობს. რეჟისორმა მშვენიერი არჩევანი გააკეთა როცა ამ გაორებული როლისთვის ქარიზმატული ჟერარ დეპარდიე შეარჩია. სისტემას დამონებულ რობესპიერს კი აძლევს შანსს ადამიანობა გამოიჩინოს და მოინანიოს დანაშაული . ორივე დაპირისპირებული პერსონაჟის პოზიცია დამაჯერებელი და არგუმენტირებულია. რეჟისორი მაყურებლის ისტორიულ ფონს ანდობს ამ დილემის გადაწყვეტას, მიზეზებისა და ემოციების აღრევით.

Advertisements

My Son, My Son, What Have Ye Done (2009)

ვერნერ ჰერცოგი ომისშემდგომი თაობაა, თუმცა 60იანი წლების ახალ ტალღას სულაც არ მიიჩნევდა კინო მიმდიონარეობად და საკუთარ თავს კი მის ნაწილად. ჰერცოგი გმობდა კიდეც იმ პერიოდის ზოგიერთ იდეოლოგიურ ფილმს და თავად საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწეობას ამჯობინებდა. ომმა მის კინოშიც ჰპოვა ასახვა, თუმცა თავისებურად. ჰერცოგის ფილმები არც ისე პოპულარული იყო იმდროინდელ გერმანიაში, რადგან მისი ასოციალური და მოძალადე გმირები გერმანელებს აიძულებდნენ წარსულზე ეფიქრათ, რასაც ეს ერი ნამდვილად გაურბოდა.

ჰერცოგის ფილმები განუწყვეტელი ბრძოლაა უსახურ რეალობასა და პერსონაჟების პირად სამყაროს შორის. მისი გმირები სოციუმისგან მოწყვეტილი და მისგანვე ჩაგრული, საკუთარ თავში დაკარგული, იდეებით შეპყრობილი,  შეშლილი , ამბიციური  და ხშირად- მოძალადენიც არიან. მთავარი პერსონაჟები ზოგჯერ ანტი-გმირებ განასახიერებენ, რითაც ჰერცოგი შეიძლება ხაზს უსვამს რეალობას, როგორც დამახინჯებულს, სადაც კარგსა და ცუდს შორის ზღვრები იშლება . რეჟისორი ცდილობს გაუცხოებული გმირების ამოხსნას,  სულში შეღწევას და მათი სამყაროს ჩვენთვის გაზიარებას. ჰერცოგის ფილმები არ არის ბოლომდე გასაგები და ამომწურავი , ის აჩენს უამრავ შეკითხვას და მაყურებელს ურთიერთგამომრიცხავი ემოციებით ავსებს . ჰერცოგი იყენებს ბუნებისა და მუსიკის ძალას რათა ძირითად სათქმელს ხაზი გაუსვას–ლანდშაპტების ეპიკური ხედები იქნება ეს (მაგალითად, როგორც “აგირეში”) თუ ქარში მოშრიალე ხორბლის თავთავები ( “კასპარ ჰაუზერის ენიგმაში”) , რომელთა ესთეტიკური სილამაზე იდეალურად შესაფერის მუსიკას ერწყმის.

ფილმი „შვილო, შვილო ჩემო ეს რა ჩაიდინე“ ჰერცოგის ბოლო ნამუშევართაგანია. ამ შავი კომედიის პროდუსერია დევიდ ლინჩი , ხოლო სცენარი რეალურ მოვლენებს ეყრდნობა , ამერიკელი წარუმატებელი მსახიობის მარკ იავორსკის შესახებ, რომელიც ჭკუიდან შეიშალა და დედა ისე განგმირა, როგორც სოფოკლეს დრამის პერსონაჟმა.

ფილმში მოქმედება უწყინარ ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც ქალს საკუთარი შვილი მეზობლებთან ჩაის სმის დროს უცერემონიოდ სიცოცხლეს გამოასალმებს, თავად კი სახლში იკეტება. მთავარი პერსონაჟია ბრედი, ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც პერუში მოგზაურობისას დატრიალებული უბედურების ნიადაგზე ნელ-ნელა ჭკუიდან იშლება. მისი ფსიქიკა სავსებით უკონტროლო ხდება , როცა მასში შიგადაშიგ ღვთის მსახური შამანი სახელად ფარუქი იღვიძებს და ბრედი ბოდვითი ხილვების ტყვეობაში ექცევა. მის სამყაროში თეოლოგიური ცნებები , მაგალითად ღმერთი ისეთ საგნად მოიაზრება , როგორიცაა ბურღულეულის ქილა, რომელსაც სახლიდან აგდებს. რადგანაც ერთხელ შინაგანმა ხმამ ბრედი სიკვდილს გადაარჩინა, მისი აზრით სწორედ მას უნდა უსმინოს გადაწყვეტილებების მიღებისას არათუ გულს ან გონებას, რომელთა არსებობაც ბრედის სხეულში საერთოდ სადავოა მისივე სიცარიელიდან გამომდინარე.

ჩვენ გამომძიებლებთან ერთად ბრედის სულიერი აშლილობის მიზეზებს ვეძებთ, იმ საბაბს რამაც იგი დედის მკვლელობამდე მიიყვანა და სანახევროდ რეალურ ფანტაზიებში ვიკარგებით. თუმცა მას მერე რაც პერსონაჟთა მოგონებები ცოცხლდება , გაორებული გრძნობა ხელს გვიშლის გავიაზროს ვინაა სინამდვილეში მსხვერპლი და ვინ მკვლელი. ბრედის დედა ნერვიული, ეჭვიანი, ამპარტავანი, ფლამინგოებით შეპყრობილი ქალია, რომელიც შვილს თავს ახვევს მზრუნველობას, შემდეგ კი ღვაწლს ამადლის. მისი მიმიკა, ქცევა და ბრედისადმი დამოკიდებულება ისეთ უარყოფით ელფერს ანიჭებს ამ პერსონაჟს, რომ თითქოს მკვლელობა დიდად არც შესძრავს მაყურებელს. დედის ქცევით დათრგუნული, ახირებული ბრედი გადაწყვეტს იყოს ცხოვრების , როგორც სპექტაკლის მთავარი მოქმედი პერსონაჟი, მოთამაშე და არა ის ვინც უბრალოდ მონაწილეობას ღებულობს წარმოდგენაში,  ამიტომაც ის სოფოკლეს „ელექტრას“ რეალობაში შესრულებას მოინდომებს და დედას ხმლით განგმირავს. მაშ ვინაა დამნაშავე: დედა, რომელმაც შვილს ფსიქიკა დაუმახინჯა , თუ ეგოცენტრული და გაორებული ბრედი, რომელიც ცხოვრებაზე კონტროლს კარგავს ?

ფილმში ბრედის მოჩვენებებსა და უცნაურ მონოლოგებთან, გაშეშებულ სცენებსა და სიუჟეტის  უკუსვლასთან ერთად უამრავი ამოუხსნელი პასაჟია. ისტორია საკმაოდ უტოპიურია,  აქვს ბუნდოვანი ჩარჩო და დაკარგულია რეალობისა და დროის შეგრძნება. მაყურებელი ბრედის ცნობიერებაში გარკვევას ცდილობს, თუმცა ეს შეუძლებელია.

ჰერცოგის ფილმებში, როგორც ამბობენ ყოველთვის რჩება რაღაც მისტიკური და უცნაური, და კითხვებსაც არასოდეს არ აქვს ერთი პასუხი .

ახალგაზრდა ვერთერის ერთი-ორი ვნება

ვნებები ჩაიწერა გოეთემ 1774 წელს და ამოიწერა ფეიმ 2010 წლის 22 ივნისს

მაშინ მელამაზა, ახლა მესმის.

ოჰ, ოდნავი გულგრილობა რომ ხლებოდა ჩემს ბუნებასა და სისხლს , ალბათ უბედნიერესი ვიქნებოდი კაცთა შორის. სხვები მცირეოდენი ძალითა და ნიჭით თავმომწონენი დადიან ამ ქვეყნად და მე იჭვი უნდა მეპარებოდეს ჩემს ძალასა და უნარში?
ღმერთო სახიერო, ძალითა და ნიჭით რომ მაჯილდოებდი , ნახევარი შენგან ნაბოძები დაგეკლო და თუნდაც, სამაგიეროდ, თავისი თავის იმედი და კმაყოფილება მიგენიჭებინა ჩემთვის.
მოთმინება,
მოთმინება.

ჩვენ ყველაფერს თავს ვადარებთ და ამავე დროს ჩვენ ყველას ვედარებით .ასეთ დროს განსაკუთრებით საშიშია –მარტოობა.

როცა ბუნება საშემოდგომოდ მოემზადება, შემოდგომა ისადგურებს მაშინ სულშიც და გარემოშიც შემოდგომა გამეუფდება. ჩემი ფოთლები მოყვითალო ხდებიან კიდეც და ირგვლივ ხეებს დასცვენიათ ყვითელი ნეშო.

ნუთუ ეს შენი განაჩენია, რომ ადამიანი მხოლოდ მანამდე გრძნობს ბედნიერებას, ვიდრე გონს მოვა ან როცა გონებას დაკარგავს სავსებით.

მისი აჩრდილი არ მასვენებს . მისი აჩრდილი ყველგან თანა მსდევს. თვალს რომ დავხუჭავ , თვალს რომ გავახელ, ყველგან, ყოველთვის თვალწინ-მისი თვალები. მე ამ გრძნობის გამოთქმაც მიმძიმს. თვალს რომ დავხუჭავ, როგორც უფსკრული, როგორც ზღვა მელანდება მე ეს თვალები.
რა საცოდავია ადამიანი, ეს ნაქები ნახევარ ღმერთი!მას სწორედ იქ დააკლდება ძალა, სადაც ყველაზე უფრო მეტი სულის მხნეობა უნდა გამოიჩინოს.

შემოდგომის დაიჯესტი

შემოდგომა წელს პირველად არ დაიწყო სწავლით. საკუთარ თავთან იმდენი დრო გავატარე, რომ ყელშიც ამომივიდა. ახალი შეგრძნებები, აღმოჩენები… მოკლედ, ესეც შემოდგომისფერი ამონაწერები ჩემი მაგიური წიგნაკიდან:

Artisterium 2013, ვარ მე შენ?

წელს პირველად მოვხვდი აქ, ერთ-ერთ პერფორმანსსზე. არც წარმოდგენის ზუსტი სახელწოდება მახსოვს, არც არტისტების სახელები, მაგრამ მგონი ეს უცნაური სანახაობა არასოდეს დამავიწყდება. მოდერნ და საერთოდ კონცეპტუალურ არტს დიდად არ ვცემდი პატივს. აგდებული დამოკიდებულება მქონდა ფორმისა და კონცეფციის ძიების ერთგვარი რევოლუციური გზების მიმართ. უბრალოდ წელს გადავწყვიტე თანამედროვე ხელოვნებისთვის შანსი მიმეცა.

მაქვს ჩემი მოსაზრება თუ რა მოხდა 10 ოქტომბერს “ქარვასლაში” წყლიანი ჭიქებით სავსე მაგიდაზე, თუმცა ეს არაა მთავარი. ხედავ უცნაურ, თითქოს თავისთავად მოქმედებას, ორი ადამიანის სიჩუმეს, მისწრაფებას და ბოლოს შეჯახებას, შერწმას, გადაკვეთას და გგონია გული გაგიჩერდება, სიმწრის ოფლში იწურები. გინდა დრო გაფრინდეს და დასრულდეს საყოველთაო ტანჯვა, თუმცა ამავდროულად თვალს ვერ წყვეტ თეთრ სხეულებს. აქეთ-იქით მობოდიალე აპარატმოჩხაკუნე ადამიანებიც ვერ გაკარგვინებენ კონცენტრაციას.

მუზეუმიდან გამოსულები შოკში ვართ, სუნთქვა გვიჭირს და ლაპარაკის სურვილს ვერ ვიოკებთ.

მარილიანი “არილი” 

მგონი ვიპოვე ჟურნალი, რომელიც ცხოვრების მეგზურობას გამიწევს. აი ისეთი, თვის დასაწყისს რომ

edit_save_tempგულისფანცქალით  დაველოდები და სასუსნავებისთვის მაღაზიაში შერბენილი კიარ წამოვაყოლებ ხელს (როგორც პირველად მოხდა) ,არამედ სპეციალურად შევივლი მის საყიდლად, კმაყოფილი მოვათავსებ ჩანთაში და ყოველ თავისუფალ წუთს საინტერესო პუბლიკაციების ფურცვლაში გავატარებ. წიგნების კითხვასთან ერთად რომ წიგნებზე კითხვაც აუცილებელია, მგონი ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ არილი თითქოს მზრდის კიდეც. მოკლედ იკითხეთ არილი და გაი(მ)არილიანეთ დღეები.

გრძელი ბნელი დღეები

მე 92ში დავიბადე, მაგრამ ის რაც ფილმში ვნახე მეც მეცნო, არარსებული მოგონებები გამიცოცხლდა. ჭუჭყი, სიბნელე და უბედურება ასე რომ იყო მოდებული 90იანების რელობას ორგანულად ერწყმოდა ფილმის ფაქტურას. ფილმზე ბევრი დაიწერა, ნახვამდე მზად ვიყავი, რომ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კინო მანიფესტს ვნახავდი, მაგრამ არ მიფიქრია, რომ უსამართლობის აუტანლობით ამდენ  ცრემლს გადავყლაპავდი.

ფაქტურა ვახსენე და მართლაც 90იანებისფერი ფილმია. პატარა დეტალები:  ჩაის ტილოები და ჩითის პერანგები, არმოწეული და მოწეული “კოლხეთი”, ლადო ჩიხებში, ლადო მიწაზე, დალეწილი ბოცა, უმწეობა და სიშმაგე, სიკვდილისფერი სევდიანი ქუჩები, ჭორები და პიანინო…

ყველას ბრაზი და მოგონება, დაგუბებული და გადმონთხეული! ესაა ფილმი-ტკივილი, რომელიც არ განმიცდია, მაგრმა მგონი გენებით გამომყვა.

 გასვლები     

ნამდვილად 4 წელია შემოდგომის პერიოდში ქალაქიდან არ გავსულვარ. მომნატრებია ნაირფრად აბრიალებული ბუნება. ყაზბეგიც წელს პირველად ვნახე. ასეთი ხედები მხოლოდ ბეჭდების მბრძანებელში ან Summoning-ის ალბომებზე მახსენდება. სიცივისგან კი გარდავიცვალეთ ისე, მოთოვა !

ბებოსთანაც ბოლოს სკოლის პერიოდში ვნახე შემოდგომა. გაყვითლებული ვენახი, ბრიალა კარალიოკი და ფერადი ბაღი, გამხმარი ყვავილებით ამოვსებული საჩაიაე, უზარმაზარ წიგნებში ჩატენილი ქრიზანთემები, და მწიფე შავი ადესა. ბოლო დროის დეპრესიული განწყობა შემოდგომის სიმშვიდემ შთანთქა და გააქრო.

  სიმღერა 

არის ერთი ძველი ავანგარდისტ ნიუ ვეივერი მუსიკოსი დევიდ სილვიანი (სხვა დროს ვრცლად გიამბობთ მასზე). საოცარი ვინმეა, ფიქრებს აცხრობს, ამშვიდებს. წლევანდელ შემოდგომას, სენტიმენტალური და რაღაცნაირად აპათიური რომ გამოდგა, მშვენიერ ლაიტმოტივად გასდევს ერთი გამორჩეული სიმღერა:

ანდრე მორუა სინაზის მიჯნაზე

ნაწყვეტი წიგნიდან “უცნობ ქალს” (1957):

სინაზის მიჯნაზე

პოლ ვალერი ძლიერ კარგად ლაპარაკობდა სიყვარულზე. თუმცა რაზე აღარ ლაპარაკობდა კარგად. ვნებებზე საუბრისას უყვარდა მათემატიკის ენის გამოყენება და სამართლიანად მიიჩნევდა, რომ კონტრასტი ტერმინთა სიზუსტესა და გრძნობათა განუსაზღვრელობას შორის ამაღელვებელ დისონანსს ქმნის. ერთ მის მოსაზრებას დიდად ვაფასებდი და ვალერის თეორემადაც მოვნათლე: “ყოველდღიურად გამოსახატავი და დასახარჯი სინაზის ოდენობა განსაზღვრულია”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არავის ძალუძს ერთნაირად ნაზი და ვნებიანი იყოს დილიდან საღამომდე კი, მით უმეტეს მთელი კვირეების, თვეებისა და წლების განმავლობაში. ადამიანი იღლება ყველაფრისგან და წარმოიდგინეთ, სიყვარულისგანაც. ამ ჭეშმარიტების ქადაგება სასარგებლოა , რადგან ბევრ ახალგაზრდას და ხანდაზმულსაც, როგორც ჩანს , ამაზე წარმოდგენაც კი არა აქვს. ქალები თვრებიან ვნების პირველი სიგიჟეებისაგან: დილიდან საღამომდე სიამოვნებით ისმენენ, რა მშვენიერები, რა ჭკვიანები არიან, რა ბედნიერიაა მათი დაუფლება, რა ღვთიური ნეტარებაა მათი ტიკტიკის მოსმენა და ა.შ. ქალები შექებას მკვირცხლად ეხმაურებიან და პასუხად თავიანთ თაყვანისმცემელს უმტკიცებენ , რომ ამქვეყნად არ მოიძევება მასზე უკეთესი ვაჟკაცი, ინტელიგენტი, სატრფო და თანამგზავრი. ფრიად სასაიამოვნოა ამის მოსმენა. მაგრამ რა? მარაგი ამოუწურავი არ გახლავთ.

-რა ჰქვია იმგვარ ქორწინებას-ეკითხება გამომცდელი ამერიკელ სტუდენტს-როცა მამაკაცი ერთი ქალით კმაყოფილდება?

-მონოტონური.-პასუხობს ქალიშვილი.როცა

თუ არ გსურთ მონოგამიური ქორწინება მონოტონურ ქორწინებად გექცეთ, სინაზისა და მისი გამოხატვის საშუალებებს ხანდახან სხვა ჯურის სიტყვები უნდა შეუნაცვლოთ.

ორი ადამიანის ურთიერთობა ზღვის ნიავქარს აყოლილი მოუსვენარი ცხოვრება უნდა იყოს, საზოგადოებისთვის , ერთად შრომისთვის, მეგობრებისთვის მუდამ კარგახსნილი. ქება-დიდება ამაღელვებელია, როცა თითქოსდა შემთხვევით და უნებურად იბადება ადამიანთა სულიერი ნათესაობისა და თანაზიარი სიხარულის მიზეზით. ქება-დიდება მოსაწყენია, თუ იგი რიტუალად იქცა.

ერთხელ ოქტავ მირბომ დაწერა ნოველა და მას ორი შეყვარებულის დიალოგის ფორმა მისცა. ყოველ საღამოს ხვდებოდნენ ისინი ერთმანეთს მთვარის შუქით მოფენილ პარკში.

სენტიმენტალური საყვარელი ჩურჩულებს (კიდევ უფრო მიბნედილი ხმით , ვიდრე მთვარეა):

“ძვირფასო , შეხედეთ, აი, ჩვენი სკამი, ჩვენი ძვირფასი სკამი!”

ქალი(ოხვრით და სასოწარკვეთით):

“ო, ისევ ეს სკამი!”

მაშ ასე, ერიდეთ სკამებს, სალოცავ ადგილებად ქცეულ სკამებს!

ნაზი სიტყვები, თუ ისინი გამჭრიახი გონების იმპროვიზაციას წარმოადგენენ, მომაჯადოებელია. გაყინულ ფორმულებში მოქცეული სინაზე კი გვაღიზიანებს. აგრესიული და კრიტიკული გონების ქალი სწრაფად ღლის მამაკაცს . ყველაფრით კმაყოფილ და მიამიტად ატაცებულ ქალს კი ტყუილად ექნება იმედი მამაკაცზე დიდი ხნით ბატონობისა. წინააღმდეგობაში ვარდებითო, მეტყვით , რაღა თქმა უნდა, მამაკაცი ხომ წინააღმდეგობაა-მოქცევა და უკუქცევა. “მსჯავრდებული,-ვოლტერის სიტყვით-შიშის კონვულსიებიდან მუდამ ლეთარგიულ მოწყენილობაში ვარდება”. ბევრს ჭკუა ისე აქვს მომართული, რომ იოლად ეგუება სატრფოს როლს და სიყვარულში ზედმიწევნით დაჯერებული დიდად აღარ აფასებს ამ გრძნობას..

მავან და მავან მანდილოსანს ეჭვი ეპარება მამაკაცის გრძნობაში. მთელი გულისყური მისკენა აქვს. უეცრად შეიტყობს, რომ მამაკაცს უყვარს, აღმერთებს. ჯერ მადლიერებით ევსება გული, მაგრამ უმალვე მოიწყენს, თუ კაცმა ყურები გამოუჭედა ქათინაურებით: ბადალი არა გყავს, ამქვეყნად ერთადერთი საოცრება შენა ხარო. სწორედ მაშინ სხვა , ნაკლებად თვინიერი მამაკაცი გაუღვიძებს ცნობისმოყვარეობას.

ერთი ჩემი ნაცნობი ქალიშვილი ხალისით მღეროდა ხოლმე საზოგადოებაში და რაკიღა ტურფა სანახავი იყო, ქებით სულ ცაში აჰყავდათ, მხოლოდ ერთი ყმაწვილი დუმდა, არას ამბობდა. ბოლოს ქალიშვილმა ჰკითხა: თქვენ რა, ჩემი სიმღერა არ მოგწონთო?- აბა რას ბრძანებთ საუცხოოა, მაგრამ აი ხმაც რომ გქონდეთო…

ქალიშვილი სწორედ მას მისთხოვდა.

მშვიდობით.

მურაკამის “მე”

ამონარიდი ჰარუკი მურაკამის რომანიდან “სამხრეთით, საზღვარს მიღმა, მზის დასავლეთით”

”ყოველთვის მსურდა სხვანაირი გავმხდარიყავი, ახალ ადგილას მოვხვედრილიყავ, ახლებურად ~მეცხოვრა, ახალ პიროვნებად ვქცეულიყავი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ზრდის პროცესის შედეგი იყო, ოღონდ საკუთარი მეს აღმოჩენის დაუოკებელი სურვილიც თავის როლს თამაშობდა. განსხავებული მეს პოვნის შემდეგ, ბევრი რამისგან ვთავისუფლდებოდი. დარწმუნებული ვიყავი, თუკი შევეცდებოდი, საკუთარ თავსაც გადავახტებოდი. არადა ყოველთვის ჩიხში აღმოვჩნდებოდი ხოლმე. საითკენაც არ უნდა წავსულიყავი, საკუთარ თავს ვერ ვერეოდი. რაც არ არის, მას ვერ შეცვლი. გარემო შეიძლება შეცვლილიყო, მაგრამ მე ისევ არასრულყოფილი ვრჩებოდი. ერთი და იგივე ნაკლი მაწვალებდა და ისეთ სულიერ შიმშილს აღმიძრავდა, რასაც ვერაფრის დიდებით ვერ ვიკმაყოფილებდი. საკუთარი თავის დასახასიათებლად, მეს უქონლობაა, ალბათ ყველაზე ახლო სიმართლესთან.