გზა

მითხრეს ვერ შევძლებდი… მაფრთხობდნენ უსასრულოაო გზა. ის რაც სრულდება, ამოწურვადია, დავიწყებადია ვერ იქნება ჭეშმარიტად ღირებული ან რეალური. მუდმივი ძიების და დაუცხრომლობის იდეა სულს მანამდეც აწუხებდა სანამ პირველ „როუდ“ ფილმებს ვნახავდი ან „ბიტნიკებს“ გავიცნობდი. ეს არაა ეპოქალური აზროვნების ან სახალხო კომპლექსური  დეპრესიის მოდელი; არც ახლაა ყველაფერი რიგზე. ახლაც შეიძლება გაქცევა, ყველაფერი ხომ საბედისწეროდ სრულყოფილია…შესაძლოა ზურგჩანთა არ ჩავალაგო და გზას არ დავადგე , რადგან ის რასაც ვეძებთ სატრანსპორტო გზით მიღწევადი არაა. მე ვერ შევხვდები ადამიანებს , რომლებიც რევოლუციურ იდეებს შთამაგონებენ… „იდეები“ საერთაშორისო ინფორმაციული ქსელით გადაიცემა, მე ვიცი თქვენი იდეები, მე ვიცი მათი იდეები. ინფორმაციული საბადოების ბუმი მექანიკური ორგანიზმიდან ჟანგბადს ტუმბავს… ვამბობდი გაქცევა მინდა მეთქი და არ მესმოდა რას ვგულისხმობდი. რადგანაც ჩვენი სულიერი კრიზისის მხოლოდ ჩვენ არ გვესმის, სხვები ცდილობენ ფიქრები გაგვინათონ. თქვენ კმაყოფილი და ბედნიერი ხართ? თქვენ ყველაფერი გაქვთ რაც კი ოდესმე გისურვიათ? და იქნებ ცხოვრებაში 3,5 რამეს ნატრობდით და უეცრად მოგაწვათ  კიდევ ათიოს მსგავსი სურვილი…სურვილი, რომელსაც ვერ აიხდენთ, რომელიც ფიზიკურად მიუღწევადია, რას იზამთ? ისევ განაგრძობთ ყოველი დღით ტკბობას? ნუთუ არ გაინტერესებთ რა არის იქ სადაც თქვენ არ ხართ? ნუთუ კარგია რომ  „იდეების“ მოსაპოვებლად მთელ დუნიაზე ხეტიალი და მათი ხელიდან ხელში გადატარებით, წვეთ წვეთად შეგროვება კიარაა საჭირო, მხოლოდ ერთი ღილაკის დაწკაპუნება მოციმციმე ეკრანზე.

როცა სამყარო შენი სურვილის საწინააღმდეგოდ იცვლება, ნუთუ საჭიროა შენც დათმო ყველაფერი და უკან გაჰყვე? როცა ტექნოლოგიური მონსტრები აბსურდულ იდეებს თავზე გვახვევენ , პატარა პლასტ-მეტალებს გვაჩეჩებენ და მოგვიწოდებენ  ამით ჩავანაცვლოთ ათობით ნივთი. ეს შენი არჩევანია? ათობით ნივთს თვალით ვეღარ ნახავ, დაყნოსე ისინი, დაიმახსოვრე და გამოეთხოვე. ცხოვრების გამარტივება- სამყაროს ახალი მოდელის ტრენდი. მე მინდა წრიალი, კამათი, წვალება…მე მინდა წვალება, სხვა როგორ შეიგრძნობ რომ ცოცხალი ხარ (ხომ თქვა ვიღაცამ ?!)…მე მჭირდება ადამიანები, მე მენატრება მათი სურნელი. მსურს კვლავ ვიგრძნო მონატრების ჭრუანტელი უნახავ მეგობართან შეყრისას, მინდა ფურცლიდან ვიკითხო და მასზე ჩემი ანაბეჭდები დავტოვო, მერე კი რამდენიმე სიტყვა გავხაზო, ფოსტაში გავიქცე და მეგობარს გავუგზავნო, მინდა მხოლოდ მე ვიცოდე სად ვიმყოფები, მინდა ცოცხალ ადამიანებს ვეკამათო და არა მათ ავატარებს. მომენატრა ცხოვრება..მომენტრა გზა, რომლიც ბოლო ამოუცნობია.

სამყარო, რომელშიც ყველა დაუცველია -ჩვენი სამყარო.

როცა თამაშის წესებს ვერ ჰგუობ როგორ უნდა გაიქცე… სხეული მექანიკურად აჰყვება მასიურ როკვას, მერე გონებაში ამოტივტივდება მოგონებები, რომელთა არსებობა ხაზს უსვამს შენივე ნააზრევს. გაიქცევი და კუთხეში მოიკუნტები, რომ არ იგრძნო არსებობის უარსებო არსი. მეოცნებენო, მოვიწყინე , მგონი ვიკარგები..მიშველეთ! („წიგნების გამტაცებლები“ ჩინებული ფილმია!)

ჰომ…ვერ იზამო მითხრეს! ვერ დაამარცხებო უთანასწორო ბრძოლაში. გაიცინეს, თავზე ხელი გადამისვეს, თანაგრძნობით შემომხედეს და სხეულის რწევით გამეცალნენ.

/დასასრული.უტოპია.რწმენა.იმედი

მიაღწიო გზის დასასრულს, ჰმჰ, ეს ხომ სასაცილოა! უმეტესობას ხომ არსებობის უსასრულობის იდეა ასულდგმულებს , მაშინ რატომ არ შეიძლება ძიების უსასრულო პროცესი გახდეს ერთადერთი მიზანი, საშუალება და მოტივი. ვერასოდეს ვიპოვით ჭეშმარიტებას, სიმშვიდეს, სრულყოფილებას, საკუთარ თავს , მაგრამ უნდა ვეძებოთ.

მივდივარ გზაზე, უკანმოუხედავად; გადავწყვიტე აღარ მივიღო გადაწყვეტილებები (თავად გადაწყვეტილებებმა მიმიღონ), გავბედო და ვისურვო თავისუფლება , ამ ცნების ყველაზე მიღმისმიერი გაგებით. დაე გზა მაშინ დასრულდეს , როცა მე გავქრები!