ზეცა- ოსტინი-კრისტიან გრეი

ღმერთო , ალბათ ასე იწყება დაშვება. მძიმე სიუჟეტებით იტვირთავ თავს , ცდილობ კლასიკოსების კინო კადრებში სიმბოლოები ამოიცნო , ხოლო წიგნები გონებითა და გრძნობით იკითხო. ნელ-ნელა თვალები აღარ გემორჩილება , სიტყვები აზრს კარგავს, ნებისყოფა გტოვებს, გინდა გონება დაასვენო, განდევნო აზრები, რომელთა ატანა აღარ შეგიძლია. რამე მსუბუქი, ფუქსავატური… იწყება უაზრო სერიალებისა და კომედიების ხანა, რომლებიც ვერ ავსებს სიცარიელეს, და მერე…

მერე ჯეინ ოსტინის კითხვა დავიწყე , ვიგრძენი მზად ვიყავი მონუმენტური ინგლისური რომანტიკისთვის. მგონი არაა გასაკვირი , რომ მეც შემიყვარდა მისტერ დარსი, იდუმალი გმირები ხომ ჩემი სისუსტეა- მეთიუ მაკფეიდანი და კოლინ ფირტი კი მხოლოდ აცხოველებენ აღქმას. სასიყვარულო მოტივები, რომელთა სრულყოფილი კულმინაცია გათხოვებაა (მაშინ როცა ოსტინი საერთოდ არ გათხოვილა) ყელში რომ ამომივიდა და კითხვასთან ისევ სიძნელეები შემექმნა, აუდიო წიგნების გამოყენება გადავწყვიტე.

არ მეგონა თუ ოდესმე ვიტყოდი რა სასიამოვნოა, როცა  მარია ანტუანეტასავით საწოლზე წამოწოლილს  ემოციური ხმა წიგნს გიკითხავს. ერთი ორი ნაწარმოების მოსმენის შემდეგ, მივხვდი , რომ ჩემი დეგრადაცია გრძელდება. არც მურაკამის მისტიკა, ჰენრი მილერის ბოჰემა, მარკესის სიკვდილნარევი რომანტიზმი ან ჩაკ პალანიკის შიზოფრენია აღარ მაკავებს ერთს ადგილზე, გონებამ უნდა დაისვენოს, გონებას ფიქრი აღარ შეუძლია.

Matt Bomer

გსმენიათ რამე აწ უკვე სახელგავარდნილი და არანაირი ლიტერატურულ, მხატვრული ღირებულების მქონე ტრილოგიაზე “რუხის 50  შეფერილობა (50 Shades Of Grey)”?! ეს ისაა რაც ამერიკას სჭირდება, უმწეო ბელასვონისეული ქალწულისა და მასზე გაუგებარი მიზეზების გამო გადარეული მილიარდერი, ულამაზესი სადისტის- კრისტიან გრეის ისტორია. არც კი ვიცი რამ მაიძულა ეს წიგნი წამეკითხა , უბრალოდ მაინტერესებდა რამ გადარია მსოფლიო, მილიონობით ფორუმია შექმნილი სადაც გაგიჟებით არჩევენ ვინ იქნება ამ ნოველაზე გადაღებულ ფილმში კრისტიან გრეის შემსრულებელი (აქვე ვახსენოთ, რომ მე მეთ ბომერი წარმოვიდგინე და თურმე მართლაც მოიაზრებენ მას ერთ-ერთ ვარიანტად).

დასკვნა: განვიცდი დაღმა სვლას! ეს არ მომწონს! ახლა წიგნის კითხვა რამე ახლის შესაცნობად კიარა “რითი დამთავრდება” მიზნით შემიძლია. იმედია მალე გამოვჯანსაღდები!

Forever Yours ,

F. Bukowski

Advertisements

რა სურდა იან ვერმეერს?

ბავშვობიდან დატყვევებული ვყავდი ამ ფილმს… ამ ისტორიას. მსურდა ვერმეერის აზრები გამომეცნო, ყოველი გამოხედვა ამომეკითხა. ბრაზი მახრჩობდა “ნუთუ სული, ვნება ამოაცალა სურათზე გადასატანად, ხოლო შემდეგ  აღარ მოისურვა” მეთქი. მაინც არ შემეძლო მისი შეძულება, ამ მღელვარე და ბნელი სულის, გარემოებების და საკუთარი თავის მსხვერპლი რომ იყო.  ვერც ამ უჩვეულო ურთიერთობას ვარქმევდი სახელს..სამწუხაროდ ეს ახლაც არ შემიძლია.

გავიდა წლები და სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ მოვახერხე ტრეისი შევალიეს ნოველის წაკითხვა (რომელსაც ფილმი ეფუძვნება) ; მეგონა წიგნი ამომივსებდა იმ სიცარიელეს ფილმმა რომ დამიტოვა, თუმცა აღმოჩნდა რომ მწერალს სულაც არ შეჰბრალებია ვერმეერი…

10 წლის შემდეგ ვერმეერის დაანდერძები მარგალიტები სევდისმომგვრელ აბრეშუმში გახვეული სულაც არ მოუტანიათ გრიტისთვის. ეს ესოდენ რომანტიკული სცენა, გულს რომ გტკენს და ხაზს უსვამს ვერმეერის დამოკიდებულებას მის მიმართ, წიგნში არადაა ჩაგდებული, ის კიარა გრიტისთვის ის არასასურველი საჩუქარია, რომელსაც დაუფიქრებლად, უემოციოდ გაყიდის. თითქოს თავისუფლდება ბორკილებისგან, თავს გამოისყიდის.

რა სურდა ვერმეერს? არ მინდა ამაზე ფიქრი … უბრალოდ გავა წლები და ისევ ვნახავ ამ ფილმს , ისევ მოვიხიბლები, ისევ ავღელდები , ისევ შემიყვარდება და შემძულდება ..

BBC-ის ეს ფილმი მშვენივრად მიმოიხილავს  ვერმეერის ნამდვილ ისტორიასა და მისი შემოქმედების მნიშვნელობას:

 

ნისლიანი ჰელგა პარისი

ჰელგა პარისის ფოტოები გუშინ თბილისშიც გამოიფინა. დოკუმენტური ქორონიკონი და პოეზია ერთ ექსპოზიციაში…განსაკუთრებით მომხიბლა ქალაქის დანისლულმა ხედებმა, თითქოს ომგამოვლილი გერმანიის მელანქოლია რომ სდევს თან.

რამდენიმე ფავორიტი ფოტო >>>