პოსტაპოკალიფსური ეტიუდი

(29 ივნისი, 2011)

ჩემ წინ გვამები ელაგა… დუჟმორეული, უსისხლო , ლურჯი გვამები… სიკვდილის სუნი განძრევის საშუალებას არ მაძლევდა.  არაფერი შემეძლო, ტყავგადაცლილ მუხლებს ხელებს ვუჭერდი ,შიგ სახეს ვმალავდი და უხმოდ ვტიროდი. ფიქრი არაფერზე შემეძლო..იქნებ იმიტომ რომ ეს წუთია ოჯახი (ან ის რაც მისგან დარჩა) დავკარგე, ან იმიტომ რომ მომავალი ბედი მათ თვალებში ამოვიკითხე ან იმიტომ რომ უბრალოდ დავიკარგე. არ ვიცი რა მოხდებოდა შემდეგ…მომაგნებდა თუ არა მეც წყეული სნეულება.. გავხდებოდი თუ არა მეც კოდირებული რაზმელი… იქნებ შიმშილით სიკვდილი მელოდა.. მან მომძებმა, ხორცის ნაფლეთებიდან ამომათრია…ხელი მაგრად ჩამავლო მაჯაში და წამიყვანა.

მადლობელი ვიყავი მისი, რომ არ ცდილობდა ჩემთან საუბარს … არაფერი იყო ისეთი რაც მას აქამდე არ ენახა.. მიყვებოდა კიდეც მაშინ,ჯერ კიდე მაშინ, სანამ ნგრევა დაიწყებოდა. მანაც დაკარგა… არც მან ისურვა რაზმელობა და თავი აკრძალულ ზონას შეაფარა.  ჩვენც იქით მივუყვებოდით გზას, რომელიც გაურკვევლად იმალებოდა მოწამლული ტბების ანაორთქლში. ჩვენში აღარ იყო იმედი, გადარჩენას ვერავინ შეძლებდა. ჩვენ არ ვვითარდებოდით , არ ვფიქრობდით, არ გვიყვარდა, არ გვძულდა-უბრალოდ ვიბრძოდით…ჩვენ შორის ერთი განსხვავება იყო-ზოგი ადრე კვდებოდა, ზოგი გვიან.

ჩვენს სისხლისგან სანახევროდ დაცლილ სხეულებს მხოლოდ ინსტინქტები ამოძრავებდნენ.  მილიონობით ადამიანი  იწამლებოდა, მუტაციას განიცდიდა, საკუთარ კუჭის წვენში იხრჩობოდა, რაზმელებს გაურბოდა და მაინც ნებდებოდა…იღუპებოდნენ ყველგან , უმეტესად კი იქ , სადაც მეფობდა კიბერნეტიკა. ისინი ყველგან მოგაგნებდნენ, გამოგიგზავნიდნენ ვირტუალურ დემონებს, გააუფასურებდნენ თქვენს გონებას.. ამოგაცლიდნენ სულს. ჩვენ კი გავრბოდით, თავს ბნელ ადგილებს ვაფარებდით… გვეგონა იქ სადაც არაა სინათლე ისინი ვერ დაგვინახავდნენ, თუმცა არა…ვცდებოდით, ჩვენ არაფერი ვიცოდით..არ ვეძებდით სინათლეს და ვიღუპებოდით.

…და აი მივყვები გვერდით. ვენდობი, მიყვარს, თუმცა არსებობს კი ეს გრძნობები ?!  არსებობს ეს სიტყვები მასში?! ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა… მარადიულ ომს ერთი თვისება ჰქონია, მან შიში გააქრო, თუმცა ჩვენ არ გვსურდა სიკვდილი, ჩვენ ზედმეტად ცოტა ვიცხოვრეთ…ჩვენ თითქმის არაფერი გვახსოვდა წინა ცხოვრებიდან … ჯვრები იარაღად იქცა და გულები გაგვეყინა.

ტბების სამფლობელო ბევრ გაქცეულს მალავდა, თუმცა ისინიც კი უფრთხოდნენ ერთმანეთთან შეხვედრას. რაზმელების გარდა ადამიანური ცხოვრება არავისთვის არ იყო ხელმისაწვდომი. საჭმელი , ტანსაცმელი, სახლები, რბილი ლოგინები წესიერად არც გვახსოვდა რა იყო…  ტყეში შემორჩნენ ცხოველები, საიდუმლო სარდაფებსა და ბუნკერებში აღმოჩენილი მარაგებით გაგვქონდა თავი… არავინ იცოდა როდის დაიწყებოდა შიმშილობა…

ერნის ტბის მომწვანო ზედაპირიდან აორთქლილი გაზები ღამის ნისლს უერთდებოდა. მის ნაპირას პატარა ხის მიწურზე მიმითითა … წესიერად ვერაფერს ვხედავდი.. თუმცა ფეხი რაღაც რბილს მოხვდა თუ არა მაშინვე უგონოდ დავეცი ზედ და ჩამეძინა. გაღვიძებულს წყალზე მიმითითა და მერე განიერი თბილი ნაქსოვი სვიტერი მომაწოდა, რომელიც უტანსაცმლო , დალურჯებულ ტანზე მოვირგე . მდუმარედ გავიყეთ უგემური ნაცრისფერი მასა ე.წ. საჭმელი… როცა შევამჩნიე , რომ ჩემს დაკაწრულ ფეხებს და მასზე აქა-იქ შემხმარ სისხლს თვალს ვერ უსწორებდა ისევ ტირილი დავიწყე.

ორი დღე ხმა არ გაუცია ჩემთვის, დილით გადიოდა და საღამოს ბრუნდებოდა.. ზოგჯერ სასოწარკვეთა ეტყობოდა, ზოგჯერ დაღლილობა, ზოგჯერ აპათია… ერთხელაც   შემოსვლისთანავე კარი მოაბრახუნა და იარაღისმაგვარი ნივთით ხელში გვერდზე მომიწვა… ჭერს უყურებდა გაშტერებული და იარაღს გულზე იჭერდა.

-მარაგი დიდხანს გვეყოფა..

-რა მოხდა?

-მოვკალი.

-ადრეც მოგიკლავს.

-ადრე თავს ვიცავდი.

არ ვიცოდი რა მეთქვა, მრცხვენოდა საჭმლის არსებობით გამოწვეული სიხარულის გამჟღავნება. მისკენ შევბრუნდი და თავი მხარზე დავადე.

Advertisements