ჩემი დაკარგული ტყუპისცალი

დღეს ერთი თეორია შევთხზე. “მეოცნებეების” მეასედ ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ ეს სიცარიელე, მარტოობის უნებური შეგრძნება  იმის ბრალია, რომ მე ნაწილი მაკლია. იქნებ ტყუპისცალი დავკარგე?! ეს იდეა რამდენადაც ფრთებს მასხამს და ოცნების არეალს მიფართოებს , იმდენად მძიმე ასატანია.  ნეტავ სადაა ჩემი თანამესისხლმეხორცე?! ნეტა როგორი იქნებოდა ის ან ჩვენ ერთად?! ნეტა დამჭირდებოდა სხვა ადამიანები?!

მაშ ასე, ავამღეროთ ძველი ფრანგული ფირფიტა >

მოვუკიდოთ სიგარეტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) >

Theo & Isabelle

და წარმოვიდგინოთ:

მე და ჩემი ტყუპისცალი (პირობითად დავარქმევ ჯი(G)ს). ალბათ, გამუდმებით მოვაქცევდი ჩემი გავლენის ქვეშ. მასში ყველაფერი მეყვარებოდა , რაც მე მგავს. ექნებოდა ჭაობისფერი თვალები და ხვეული წაბლისფერი თმა, აწეწილი და უფორმო. ჩემი ტყუპისცალი ძმა იქნებოდა გულთამპყრობელი ჰიფსტერი, მაგრამ ყველაზე ნაზად მე ვეყვარებოდი. ის გულდასმით მოეკიდებოდა ჩემს შეთავაზებულ მუსიკას, კინოს თუ ლიტერატურას და თავის მხრივ ათას საინტერესო იდეას მომაწოდებდა. ჩვენ გავმართავდით დაუნდობელ დისკუსიებს და დილამდე ვილაყბებდით. ის თავს კალთაში ჩამიდებდა , მე კი წიგნებიდან საყვარელ ამონარიდებს წავუკითხავდი… ის ექსპერიმენტულ წარმოდგენებზე მატარებდა და რევოლუციურად მოაზროვნე დახვეწილ მეგობრებს გამაცნობდა. ჩვენ დავუკრავდით ვენის კლასიკოსებს ოთხ ხელში და გავცვლიდით მაისურებს. ერთად ვიქნებოდით პოსტ მოდერნისტები და ყველანაირ სულელურ ექსპერიმენტს ჩავატარებდით. დავიცავდით ერთმანეთს მშობლებისა და საზოგადოებისგან და გავიჩენდით საიდუმლოებებს.  გვექნებოდა ფირსაკრავი და ბეეევრი ფირფიტა, ბაბუა გვაჩუქებდა ძველ კამერებს და ხელს შეუწყობდა ჩვენი წარმოსახვის გაცხოველებას. ჩემი ტყუპისცალი არ გაწირავდა ოცნებებს და ისწავლიდა ხელოვნებას, მეც მისი მეგობრების მეგობარი გავხდებოდი. ჩვენ მხოლოდ იმაზე ვიკამათებდით ვინ შევიდოდა პირველად აბაზანაში …

რა იქნება გყავდეს მეორე ნაწილი, რომელიც ასე გგაქვს, ასე გავსებს, ის ყველაფერია რაც შენ ხარ და რაც არ ხარ. ის აგღაფრთოვანებს, ის ისე ახლოსაა შენთან , რომ სულში გიყურებს. შენ მას უვლი, მასთან ერთად გძინავს და ჭამ… ცნობ მის სუნს და პატიობ ყველა გამოხტომას. მგონი ცხოვრებაში პირველად მომინდა ძმა..არა ტყუპისცალი ძმა..მე , ოღონდ ბიჭი.

ჩემი დაკარგული ძამიკო.. დანაშაულია ჩემ წინაშე რომ არ არსებობ. დამაგდე ასე მარტო და წახვედი. რატომ არ ხარ აქ..

Advertisements

ალისა პალერმოში ღრუბლებს მიღმა ( ვიმ ვენდერსის 3 ფილმი)

ვიმ ვენდერსი- გერმანელი ფოტოგრაფი და კინორეჟისორი კინემატოგრაფიის ახალ ტალღას ეკუთვნის, რომელსაც საფუძველი შეუქმნა ომგამოვლილმა და მძიმედ დაღდასმულმა საჯარო ცნობიერებამ. მას მერე რაც თავდახრილი გერმანიისთვის ამერიკა ერთგვარად მისაბაძი რასა გახდა, სტოკჰოლმის სინდრომის გავლენით თითქოს დაიქვემდებარა ევროპული შემეცნება. 60იანი წლების ბოლოს რეჟისორების ახალი თაობა სწორედ იმპერიალისტურ ჰოლივუდს აღუდგა წინ.

Alice in The Cities

„ალისა ქალაქებში“ ერთ-ერთია ვენდერსის იმ ფილმებს შორის, რომელშიც მძიმე სოციალურ-პოლიტიკური მდგომარება ადამიანის ქვეცნობიერში ბნელ ფონად ისადგურებს და აიძულებს მას მუდმივ ძიებას მიეცეს გაუფერულებული ცხოვრებისთვის აზრის საპოვნელად.
ფილმში გერმანელი ჟურნალისტი ფილი ამერიკაში მოგზაურობს , რათა ისტორიები შეაგროვოს ამერიკაზე გამორჩეული სტატიის დასაწერად. თუმცა იგი გაურბის ამერიკას და სრულიად უცხო ბავშვთან- ალისასთან ერთად ევროპაში იწყებს მოგზაურობას ალისას ბებიის ძიებაში. ფილი ყველაფერს ივიწყებს და ცხოვრების რიტმს ინსტინქტურად მიჰყვება, სწორედ ასე პოულობს იგი ხსნას.
ფილმის დაწყების პირველივე წუთიდან ისეთი შეგრძნება გვიჩნდება, თითქოს ფილს არაფერი ესმის, ვერაფერს ხედავს და განიცდის ამიტომაც ყოველ ჯერზე, როცა რაციონალურად იაზრებს მოგონების მნიშვნელობას პოლაროიდს იშველიებს და ფოტოებს იღებს. ფილი თავად აცხადებს, რომ ვერ გრძნობს საკუთარ თავს, და შესაბამისად ფოტოები ერთადერთი დამამტკიცებელი საბუთია „რომ ის იქ იყო…რომ მან ის ნახა“. როგორც კი პოლაროიდიდან ფოტო ვარდება ახლანდელი უკვე წარსული ხდება. ფილის აღქმის უნარი გარღვეულია, მას არ შეუძლია იცხოვროს ქვეცნობიერი წნეხის პირობებში, რომელიც აიძულებს ეშინოდეს…ეშინოდეს შიშის, გაქრობის და თავად სიცოცხლის. ფილის საუბარი მეგობარ გოგონასთან მთლიანად გვიხსნის მის შინაგან მდგომარეობას… რომ მისი მისწრაფებაა დაეპატრონოს მოგონებას, ანუ საკუთარ თავს ფოტოების მეშვეობით..თუმცა ნიშნავს კი დანახვა ცოდნას? ფოტო შეიძლება არ ასახავდეს რეალობას, ამაში მაშინაც ვრწმუნდებით როდესაც ალისას ბებიის სახლის ერთადერთი ფოტო სწორ გზაზე სრულიადაც ვერ აყენებს ჩვენს გმირებს, სახლი უკვე სხვისია. შესაბამისად ფილი უძლური და დაუცველია ყველაფრის მიმართ რაც მის თავს ხდება.
ფილმში ერთი უმნიშვნელოვანესი ხაზია გატარებული..ამერიკა ევროპის წინააღდეგ, თითქოს მთელი ფილმი კინოს შექმნის პროცესზე მოგვითხრობს. როგორც თავად რეჟისორმა გადაცხადა : „ სცენარი არ არსებობდა, ყოველ ღამე ვწერდი რაც შემდეგ დღეს უნდა გადაგვეღო. მე უფრო ისტორია მოვიგონე, ვიდრე დიალოგები“. ფილმშიც მთავარი გმირის ცხოვრების გარდამტეხი პერიოდი ხდება ევროპაში გატარებული დრო, სადაც ის ცხოვრების რეალურად აღქმას სწავლობს და დინებას მიჰყვება. თითქოს ევროპა გაიგივებულია თავისუფალ რეალობასთან სადაც მუდმივი მოძრაობა განვითარების და თვითშემეცნების სიმბოლოა. მაშინ როდესაც ამერიკა სიცარიელეს, ასახვის უუნარობას და გაუცხოვებას უკავშირდება. ვენდერსმა თავადაც განაცხადა „ ევროპაში ვწვდები ცხოვრებისეულ ისტორიებს, ამერიკაში უცხო ვარ“.
ფოტო ფილმში შეიძლება ასახავდეს თავად კინოს… ფოტო-მოგონება-არსებობა, კინო-რეალიზმი-აღქმა…. საიდანაც ვასკვნით, რომ კინო არის გზა დაინახო მოძრაობა, დანახვის საშუალება კი არსებობას გვინარჩუნებს.

Beyond The Clouds

კინოსა და აღქმის თემა გრძელდება ფილმში „ღრუბლებს მიღმა“. ესაა რეჟისორის მიერ მოთხრობილი ოთხი ნოველა ,რომელიც მიქელანჯელო ანტონიონის ეკუთვნის, ვიმ ვენდერსმა კი პროლოგით, ეპილოგითა და ნოველების დამაკავშირებელი პასაჟებით ერთ ისტორიად შეკრა. მრავალგან დაიწერა, რომ ფილმი ანტონიონის შემოქმედების გამოძახილია და ვენდერსი ალეგორიულად ცდილობს პატივი მიაგოს და მის აზროვნებას აუწყოს ფეხი.
ფილმის მთავარი გმირი რეჟისორია, რომელიც ახალი ფილმისთვის ისტორიის ძიებაში სხვადასხვა ქალაქს ეწვევა. იგი მოგვითხრობს ნოველებს, რომელთა ყურადღების ცენტრში ექცევა ადამიანური ბუნება, შემთხვევითი ნაცნობობის თემა, უარყოფილი, მკვლელი ან ცხოვრებისგან მონასტერში დევნილი ქალების ისტორიები.
რეჟისორი პროლოგში აცხადებს, რომ უყვარს ნივთების ზედაპირისთვის ფოტოს გადაღება თითქოს საშუალება ეძლევა მათში შეაღწიოს და რეალური სახე ამოიცნოს…თუმცა მას მერე რაც თავს უჩვეულო სასიყვარულო თავგადასავალი გადახდება რომლის ისტორიის სახით ფირზე აღბეჭდვა ზედმეტად პირადული მოეჩვენება , აღიარებს რომ რეალობა ადამიანის თვალისთვის შეუმჩნეველია. თითქოს რეჟისორი ხაზს უსვამს რომ რაც არ უნდა უწყვეტი ძიების პროცესი იყო კინო იგი მაინც დაუსრულებელი რჩება.. რეჟისორი გამუდმებით ცდილობს გამოსახვის ახალი გზების პოვნას რადგან ძველმა ფილმებმა ვერ თქვეს საკმარისი.
ფილმში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სცენაა პასაჟი სადაც მარჩელო მასტროიანის გმირი ცდილობს სეზანის პეიზაჟის შესრულებას. კითხვაზე თუ რა საჭიროა ასლის დახატვა ის პასუხობს, რომ ამ დროს ადამიანი განიცდის იმას რასაც თავად შემოქმედი იმ წუთას როცა ამ პეიზაჟს ასრულებდა და ეს გრძნობა არაფერს შეედრება. თუ ამას ალეგორიად გავიგებთ შეიძლება დავასკვნათ, რომ მხატვრობა კინოა , მხატვარი კი ვენდერსი, რომელიც ცდილობს ანტონიონად გარდაისახოს.

Palermo Shooting

სწორედ მიქელანჯელო ანტონიონისა და ინგმარ ბერგმანს მიუძღვნა ვენდერსმა ფილმი „გადაღებები პალერმოში“. ესაა ერთი მოდური ფოტოგრაფის ისტორია, რომელმაც ცხოვრებაზე კონტროლი დაკარგა როცა სიკვდილი აედევნა. გმირი ცდილობს თავი არ დაკარგოს და კითხვებზე პასუხი იპოვოს მეგობარ ქალთან ერთად.
ფილმი ერთგვარ ჩავარდნად შერაცხეს და რეჟისორს დაუწუნეს მსახიობების არჩევანი, პოპ მუსიკა, მთავარი გმირისა და სიუჯეტური ხაზის ინერტულობა და ბუნდოვანება. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ვენდერსი ამ ფილმში შთამბეჭდავად იყენებს ვიზუალური გამოხატვის ხერხებს სათქმელის ჩვენამდე მოსატანად. საინტერესოა მისი დამოკიდებულება დროსთან და რეალურ ცხოვრებაში მისტიკის შემოტასთან დაკავშირებით. მთავარი გმირი ფინი რეალურად ხვდება სიკვდილს და ქვეცნობიერ ზეწოლას კი არა რეალურ დევნას განიცდის ისრების წვიმასთან ერთად. სიკვდილთან გასაუბრება მას შეუცნობელს აღარ ხდის და საკმაოდ აკარგვინებს ფილმს მისტიკურობას, თუმცა კი ის საკმაოდ საინტერესოდ აიგივებს სიკვდილს ფოტოსთან. ეს კი კვლავ მოგონებების ფოტოზე დავიფსირებით ამ უკანასკნელთა გაქრობასთან და გაქვავებასთან გვაბრუნებს. შეიძლება ითქვას ,რომ ვენდერსი ძველ თემებს გამუდმებით უბრუნდება და შეიძლება ოდნავ ბუნდოვან , მაგრამ საინტერესო კონტექსტში განიხილავს.