რენესანსული იტალია.. რომი მსოფლიოს ცენტრია. რომის პაპი ესპანეთიდან გადმოხვეწილი როდრიგო ბორჯია ხდება და თავის ოჯახს კრიმინალურ საქმიანობებში აქტიურად რთავს. სწორედ ამ ისტორიულ ოჯახზე შექმნილი სატელევიზიო შოუ The Borgias მოექცევა ჩვენი ერთობლივი ყურადღების ქვეშ.
სანამ მის გმირებს გაგაცნობდეთ, დავიწყებ იმით, რომ ეს ჩემი ფავორიტი სერიალია სატელევიზიო სივრცეში. ის დატვირთულია საინტერესო ისტორიული მოვლენებით, რთული გმირებით, მგზნებარე სასიყვარული კავშირებით და ფლიქოლოგიური წიაღსვლებით, აღარაფერს ვლაპარაკობ არაჩვეულებრივ მსახიობებსა და კოსტიუმებზე.
ესეც მთავარი პერსონაჟები
როდრიგო ბორჯია (პაპი ალექსანდრე მე6) და მისი საყვარელი ჯულია ფარნეზე.
ალექსანდრე მე6მ ძალისმიერი გზით მოიპოვა ტახტი და ძალითვე ცდილობს მის შენარჩუნებას. ის არაფერზე იხევს უკან მიზნისთვის, აკვლევინებს, შვილებს ყიდის, ქრთამს იძლევა და ა.შ. მის სახე გაორებულია, ის ერთი ცოდვილი და ხორციელ ვნებას დამონებული კაცია , თუმცა ამასთანავე შეუძლია გრძნობამორეულმა გულწრფელად ილოცოს, საკუთარი ცოდვები მოინანიოს და თავმდაბალ გლახაკად, ხალხის მამად წარმოგვიდგეს. ჯულია ფარნეზე უბრალოდ რომის პაპის კალთას ამოფარებული ქალი არ გეგონოთ, რომელსაც იყენებენ, უფრო პირიქით. ის განათლებული ჭკვიანი ქალია, რომელიც კარგად ერკვევა პოლიტიკაში, დიპლომატიასა და ბუღალტრულ აღრიცხვაშიც კი.
ჩეზარე და ლუკრეცია ბორჯიები.
ჩეზარე ბორჯია რომის პაპის უფროსი ვაჟია, რომელიც მამის ბრძანებით კარდინალი გახდა და ამით საკუთარ პირად ცხოვრებას თითქმის ხაზი გადაუსვა. ის (ჩემი საყვარელი პერსონაჟის გარდა) ძლიერი მებრძოლი, ვნებიანი საყვარელი და ჭკვიანი პოლიტიკური ფიგურაა. ის ყველაზე უკეთესად გრძნობს ადამიანთა მანკიერებებს , თუმცა ვერ ებრძვის, რადგან თავადაც მათ ჰგავს. მისი ერთადერთი სიყვარული მონასტრის საკურთხეველს დააკლეს, მისი უსაყვარლესი დაიკო მხეც სფორცას ლორდზე გაათხოვეს თუმცა ამას მისი სული არ გაუტეხია, ის შურისძიების ცეცხლით საზრდოობს და მამის ინტერესებს იცავს.
ლუკრეცია ბორჯია რომის პაპის უმცროსი ქალიშვილია, რომელსაც მამიკო დროდადრო ცვლილებების შესაბამისად “სავაჭროდ” გამოაბრძანებს საქმროთა ბაზარზე. პირველად ბავშვი გაათხოვეს ზემოთ ნახსენებ მხეცზე, რომელსაც პატარა მეჯინიბის მკლავებში გაექცა , ამის მერე კი ამორალურსა და მორალურს, სურვილებსა და საჭიროებებს შორის რელსები საბოლოოდ აერია.
ხუან ბორჯია.
რაც შეხება ხუან ბორჯიას, ის მკვეთრად გამოკვეთილი უარყოფითი პერსონაჟი და შუათანა, შუღლისშემომტანი ვაჟია. ის მამამ არმიაში გაისტუმრა, იმის მიუხედავად რომ ამ საქმეში ჩეზარე ბევრად ნიჭიერი იყო. ხუანი თავდაჯერებული, უტიფარი, უხამსი, უტაქტო და ლაჩარია. განუწყვეტელი ჯიბრი და პაექრობა ძმასა და მამასთან ბოლოს უღებს.
მიკელეტო კორელა.
ბოლო გამორჩეული და უდაოდ საინტერესო გმირია მიკელეტო კორელა, პროფესიონალი მკვლელი და ჩეზარე ბორჯიას მარჯვენა ხელი, რომელიც ყველა ბინძურ საქმეს აგვარებს და დიდგვაროვნებს ნამუსს წმენდს. ის პატრონის ერთგულია, არანაკლებად ჭკვიანი და ცივი გონების პატრონი, ამასთან ერთად უცნაური სასიყვარულო ისტორიით დაკავშირებულია ერთ ბავშვობის დროინდელ ნაცნობ ყმაწვილთან.
ძალიან მინდოდა ამ სერიალზე საუბარი და მისი თქვენთან გაზიარება , იმედია დაგაინტერესათ. ინფორმაციული ინტერესი და მიმზიდველი სცენების ნახვის სურვილი უდაოდ დაგიკმაყოფილდებათ.